მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს
და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს

მთვარე თითქოს ზამბახია
შუქთა მკრთალი მძივით
და მის შუქში გახვეული
მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი
თეთრად მოელვარე
ოჰ არასდროს არ შობილა
ასე ნაზი მთვარე
აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს
სძინავს მეფურ ძილით
აქ მწუხარე სასაფლაოს
ვარდით და გვირილით
ეფინება ვარსკვლავების
კრთომა მხიარული
ბარათაშვილს აქ უყვარდა
ობლად სიარული

და მეც მოვკვდე სიმღერებში
ტბის სევდიან გედად
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში
როგორ ჩაიხედა
თუ სიზმარმა ვით შეისხა
ციდან ცამდე ფრთები
და გაშალა ოცნებათა
ლურჯი იალქნები
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის
ამ ზღვამ რომ აღზარდა
სიკვდილის გზა არრა არის
ვარდისფერ გზის გარდა
რომ ამ გზაზე ზღაპარია
მგოსანთ სითამამე
რომ არასდროს არ ყოფილა
ასე ჩუმი ღამე
ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი



Credits
Writer(s): Galaktion V Tabidze, Jemal M Sepiashvili, Giorgi Macharashvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link